აშშ-ის ხაზინამ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაცვის მექანიზმი გაამკაცრა

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაცვის მექანიზმი განაახლა. დოკუმენტი OFAC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცვლილებების მიხედვით, ზღვრული ფასის დაცვის კოალიციის წევრი ქვეყნების მიმწოდებლებს მოეთხოვებათ, რუსული ნავთობის ყოველ ჩატვირთვა-გადატვირთვაზე თავიანთი კონტრაგენტებისგან დადასტურება მიიღონ. ამასთან, მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებმა, რომლებსაც, ტვირთის გადაზიდვა-დაზღვევის ხარჯების ჩათვლით, დეტალურ დამატებით ხარჯებზე აქვთ წვდომა, ეს მონაცემები მიწოდების ჯაჭვის მომდევნო მონაწილეებსაც უნდა გაუზიარონ. OFAC-ში აცხადებენ, რომ ეს ზომები ზღვრული ფასის არიდებაზე რუსეთის შესაძლებლობებს შეზღუდავს.

G7-ის ქვეყნებმა (აშშ-მა, გერმანიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, კანადამ), ევროკავშირმა და ავსტრალიამ ე.წ. ზღვრული ფასის კოალიცია შექმნეს და 2022 წლის დეკემბერში ზღვით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის შესასყიდ მაქსიმალურ ფასად ბარელზე 60 დოლარი დაადგინეს. ლიმიტირებული ფასი 2022 წლის 5 დეკემბრიდან კოალიციის ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის ემბარგოსთან ერთად ამოქმედდა. მიზანი იყო რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისა და, შესაბამისად, რუსეთის შემოსავლების შემცირება, რაც ბაზარზე დეფიციტის თავიდან აცილებით უნდა ყოფილიყო მიღწეული.

ამის შემდეგ რუსეთმა აღმოსავლეთში, ძირითადად, ინდოეთსა და ჩინეთში მიწოდების გადამისამართება მოახერხა, სადაც ნავთობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდდა.

თუმცა ზღვრული ფასის კოალიციის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ამ შეზღუდვის შემოღებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით შეამცირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ