Financial Times - რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები 260 მლრდ ევროს შეადგენს

G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ 2022 წელს რუსეთის ცენტრალური ბანკის 260 მლრდ ევროს აქტივები გაყინეს. ამის შესახებ ევროკომისიის დოკუმენტში წერია, რომელიც Financial Times-მა (FT) მოიპოვა.

ცალკე ევროკავშირს დაბლოკილი აქვს 210 მლრდ ევროს აქტივები, რომელიც ევროში, დოლარსა და სხვა ვალუტაში ნაღდ ფულსა და სახელმწიფო ობლიგაციებს მოიცავს. ევროკავშირში დაბლოკილი აქტივების უმეტესობა, დაახლოებით, 191 მლრდ ევრო ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება.

ბელგიის შემდეგ მეორე ადგილზე საფრანგეთია, რომელსაც 19 მლრდ ევროს რუსული აქტივები აქვს გაყინული, ხოლო სხვა ქვეყნების წილი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, გერმანიაში გაყინული აქტივები, FT-ის წყაროს ცნობით, დაახლოებით, 210 მლნ ევროს შეადგენს.

2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში Euroclear-მა გაყინული რუსული აქტივებიდან, დაახლოებით, 3 მლრდ ევროს საპროცენტო შემოსავალი მიიღო.

მიმდინარე თვეში ევროკომისიამ „ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მობილიზაციის“ წინადადებები წარადგინა. კერძოდ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასეთი აქტივებიდან მიღებული ყველა შემოსავალი ცალკეულ ანგარიშებზე გადაიტანონ. ეს ნიშნავს „ევროკავშირში დაბლოკილი რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან სუფთა მოგების მობილიზაციას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომ მომავალში ამ მოგების გამოყენება შესაძლებელი გახდეს.“

სქემა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისიას მოუწოდეს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის აღსადგენად გამოყენების სამართლებრივი გზები გამოეძებნა. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ცენტრალურმა დეპოზიტარებმა ასეთი შემოსავლები ცალ-ცალკე უნდა დაარეგისტრირონ, რათა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში მათი იდენტიფიცირება მოხდეს.

ევროკომისიის წინადადების პროექტი, ასევე, რუსეთის გაყინულ სუვერენულ აქტივებზე მოგების გადასახადის გამოყენების მექანიზმს მოიცავს. კერძოდ, დოკუმენტში „ნაბიჯი 0“ განსაზღვრავს, თუ რომელ გაყინულ სახსრებს შეეხება ეს მექანიზმი; „ნაბიჯი 1“ ამ აქტივებზე მუშაობის პროცედურას ადგენს, ხოლო „ნაბიჯი 2“ გაყინული სახსრებიდან მიღებული სუფთა შემოსავლის ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში გადატანასა და უკრაინისკენ მიმართვას ითვალისწინებს. პროექტში წერია, რომ ევროკავშირი ამ საგადასახადო შემოსავლებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 15 მლრდ ევროს მიღებას მოელის.

ამასთან, სანქციების მე-12 პაკეტი, რომელიც 18 დეკემბერს გასაჯაროვდა, პირველად მოიცავს რუსული იურიდიული ან ფიზიკური პირების ფინანსური აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას იმ ევროპული კომპანიებისთვის კომპენსაციის შემდგომი გადახდის მიზნით, რომელთა აქტივები რუსეთში სახელმწიფო საკუთრება გახდა ან მათ რუსული კომპანიები დაეუფლნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ