თბილისში ჰიპერმარკეტი "დომინო" გაიხსნა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ "დომინოს" გახსნას დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებს ზუმბაძემ განუცხადა, აღნიშნული ობიექტის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე თავად ამ რეგიონის განვითარებისათვის. "ჩემი სამაჟორიტარო ოლქი ინვესტიციების განხორციელების კარგ შესაძლებლობას იძლევა. აუცილებელია, შევძლოთ და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბიზნესის ხელშეწყობის გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. აღნიშნულ საწარმოს უკვე აქვს განვითარების ფართო შესაძლებლობა, რაც ახალ-ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის პირობებში დასაქმდებიან ადგილობრივი ანუ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები, რა თქმა უნდა, შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

"დომინოს" მარკეტინგის დირექტორის ირაკლი საამიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის ძირითადი ნაწილი ევროპაშია დამზადებული და უმაღლესი ხარისხისაა. ჰიპერმარკეტი ყველა სეგმენტზე იქნება გათვლილი და ფასებიც, შესაბამისად, დაბალი, საშუალო და მაღალი იქნება.

ღონისძიებას უცხოელი სტუმრები და ბიზნესმენები დაესწრნენ.