რუსები ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის აზოვის ზღვისპირა საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან აფხაზეთისკენ ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ ოკუპირებული ოლქის დე ფაქტო სენატორმა დიმიტრი როგოზინმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბერდიანსკში იახტების მართლაც ლამაზი „მარინა“ შეიძლება, გაკეთდეს. აუცილებელია საბორნე გადასასვლელების, სატრანსპორტო და ტურისტული მარშრუტების შექმნა. ტურისტულმა გემებმა ქერჩისკენ, შემდეგ ყუბანის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ აფხაზეთისაკენ ან ყირიმის სანაპიროდან თურქეთისკენ გამავალ საზღვაო მარშრუტებზე უნდა იმოძრაონ,“ - აცხადებს როგოზინი.
მისი თქმით, ამ პორტის ტექნიკური მახასიათებლები შესაძლებელს ხდის, მისი გავლით სერიოზული საზღვაო მარშრუტები დაპროექტდეს. კერძოდ, ნავმისადგომის სიღრმე და ფარვატერი, ანუ სანაოსნოდ გამოსადეგი წყლის სივრცე დიდი გემების, მათ შორის, სამგზავრო ტურისტული ლაინერების პორტში შესვლისა და გასვლისთვის საკმარისია.
ცნობისთვის: 20 დეკემბერს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის დე ფაქტო გუბერნატორ ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს ბერდიანსკს, კავკაზის პორტს, ქერჩსა და პრიმორსკი-ახტარსკს შორის საზღვაო სამგზავრო გადაზიდვების დაწყება იგეგმება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ