კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთები, ბინები და 50 ათასი ლარის შემოსავალი მერის პოსტზე - რა ქონებას ფლობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი?

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შემოსავალმა ამ პოზიციაზე 2022 წელს 50 250 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მის მიერ 2023 წლის 11 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხინჩეგაშვილი ფლობს 122 კვ.მეტრი ფართობის ბინას ქალაქ გორში, ასევე 8 975 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ნადარბაზევში; 5 002 კვ. მეტრი ფართობის ბინას სოფელ რუხში; 105 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ კევისხევში; 6 429 კვ. მეტრის კომერციულ ფართს ქალაქ გორში; 1 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში; 67,1 კვ. მეტრის ბინას ქალაქ გორში; 1 639 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ველებში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ხინჩეგაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 11 597 ლარი, 5 555 დოლარი და 2 992 ევრო ჰქონდა. ამასთან, გასულ წელს მანვე ოლიმპიური ჩემპიონის სტიპენდიის სახით 24 000 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის შპს „ლეგასის“ 34%-იანი; შპს „ფლოლეს ქონსთრაქშენსის“ 50%-იანი; შპს „გგ ჰოუმის“ 33%-იანი; შპს „ჩემპიონის“ 34%-იანი და შპს „რეფრეშის“ 50%-იანი წილის მესაკუთრე. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებში საკუთარი წილის მართვის უფლება მინდობილობით მას სხვა პირზე აქვს გადაცემული.

ასევე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხინჩეგაშვილის დედის საკუთრებაშია, 25 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი ქალაქ გორში, რომელიც 2023 წელს 6000 დოლარად აქვს შეძენილი; ასევე ქალაქ გორში მდებარე 849 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და 850 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს.

თაია არდოტელი