უკრაინიდან მოპარული სარეცხი მანქანა თუ ეგზოტიკური თევზი - რას ადარებენ პირველ რუსულ ელექტრომობილს

მოსკოვის პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა L7-ის კატეგორიის ელექტრომობილი Avtotor Amber წარადგინა, რომელიც, უცხოური გამოცემა Autoevolution-ის ცნობით, ულამაზო დიზაინის გამო სოციალურ ქსელებში „უკრაინიდან მოპარულ სარეცხ მანქანასაც“ შეადარეს.

თუმცა თავად მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი თავის ელექტრომობილს „Tesla-ს მკვლელს“ უწოდებს.

სააგენტო RBC-ის ცნობით, ინსტიტუტმა ელექტრომობილი კომპანია Avtotor-ის დაკვეთით, ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სპეცკონტრაქტის ფარგლებში შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სანქციებამდე Avtotor-ის კალინინგრადის ქარხანაში BMW-ს, KIA-ს და Hyundai-ს ავტომობილებს აწყობდნენ, ამჯერად კი იქ, მათ შორის, რუსული ელექტრომობილების წარმოება იგეგმება.

Avtotor-მა ოქტომბერში თავისი ელექტრომობილებისთვის Amber-ის ბრენდი, ასევე, ორი, Amber Auto-ს და Avtotor Amber-ის ბრენდისთვის გრაფიკული ლოგოები დააპატენტა.

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ელექტრომობილის ყველა ძირითადი კომპონენტი, ძრავა, ინვერტორი, მართვის დაფები, ბატარეები შემუშავებული და წარმოებულია რუსეთში. ამასთან, ელექტრომობილი „კომპაქტური და ფასით ხელმისაწვდომი“ იქნება, რადგან ბატარეის ყიდვის ნაცვლად, მომხმარებელი მის დაქირავებას შეძლებს, ხოლო ძარის წარმოებისთვის ძვირადღირებული ტექნოლოგია საჭირო არ არის.

პირველი ხუთი წინასაწარმოო ავტომობილის სერტიფიცირება მომავალ წელს იგეგმება, ხოლო მასობრივი წარმოება 2025 წელს დაიწყება.

„გადაჭარბებული იქნებოდა, ამას „ავტომობილი“ უწოდო. მას არარეგულარული ფორმის წინა ნაწილის შუაში პაწაწინა მრგვალი ფარები აქვს, რამდენიმე უსარგებლო ნაკეცი ჩანს. მგზავრის მხარეს ორი დამტენი პორტია: ერთი წინა, ხოლო მეორე უკანა ფრთაზე. მხოლოდ რუსებმა იციან, რატომ დასჭირდება ვინმეს ორი დამტენი პორტი ერთ მხარეს. საქარე და გვერდითი ორი წინა მინა ამ მანქანის ერთადერთი მინაა. უკანა ფანჯრების ნაკლებობა მას მინიატურულ ფურგონს ამსგავსებს. ასევე, აქვს საფეხურები და, სავარაუდოდ, იატაკში მანქანის ბატარეა არის ჩაშენებული, რითიც მაღალი ქვედა ნაწილი აიხსნება. მოდელს არაპროპორციულად პატარა ბორბლები აქვს,“ - წერს Autoevolution.

რაც შეეხება გამოხმაურებებს სოციალურ ქსელებში, Autoevolution ელექტრომობილ Amber-ის ფოტოზე მიწერილ კომენტარებს ავრცელებს:

„ახლა უკვე საბოლოოდ გასაგებია, თუ რატომ იპარავენ რუსი ჯარისკაცები სარეცხ მანქანებს უკრაინიდან. მათ ის წითლად შეღებეს და ბორბლები მიამაგრეს,“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

მეორე მომხმარებლის ირონიულ კომენტარი კი ასეთია: „ეს იგივე Ferrari's Corsa Red-ია ზღაპრული აეროდინამიკით, რომელიც სპორტულად გამოიყურება. ეს მთელი წარმატების ისტორიაა. ნახვამდის, Tesla!”

ზოგიერთი მომხმარებელი, ასევე, წერს, რომ ავტომობილს ეგზოტიკური თევზის ფორმა აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ