ნიდერლანდებში ინსულტის სწრაფი დიაგნოზისთვის „ჭკვიანი“ ქუდი შექმნეს

ამსტერდამის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა შეიმუშავეს ქუდი, რომელიც ექიმებს სასწრაფო დახმარების მანქანაშივე პაციენტისთვის ინსულტის დიაგნოსტირებაში ეხმარება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მოწყობილობა ენცეფალოგრამის ან მოცურავის ქუდის მსგავსია და ტვინის ტალღების გამოსავლენად სენსორებით არის აღჭურვილი. ის განსაზღვრავს ტვინის დაზიანების ზუსტ ზომას იშემიური ინსულტის დროს, რომელიც ინსულტის ყველაზე გავრცელებული ტიპია და თავის ტვინში სისხლძარღვის საცობით, ანუ თრომბით არის გამოწვეული.

ტვინის დაზიანების ზუსტ ზომაზე ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმებს საშუალებას აძლევს, პირველადი დახმარების სტრატეგია განსაზღვრონ და გადაწყვიტონ, თუ რომელ საავადმყოფოში გადაიყვანონ პაციენტი.

ნიდერლანდებში „ჭკვიანი“ ქუდი 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში სასწრაფო დახმარების 12 მანქანაში დატესტეს. კვლევამ აჩვენა, რომ მას დიდი იშემიური ინსულტის მქონე პაციენტების ზუსტად იდენტიფიცირება შეუძლია.

ცნობისთვის: აგვისტოში ნიდერლანდელმა მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავეს, რომელსაც ინსულტის დიაგნოსტირება წამებში შეუძლია. კერძოდ, სისტემა ავტომატურად აგზავნის პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებს სპეციალურ ღრუბლოვან პროგრამაში, სადაც ხელოვნური ინელექტი ინსულტის შესაძლო ნიშნებს აფასებს. მორიგე ექიმები ამ კვლევის შედეგს ტელეფონის შეტყობინებით რამდენიმე წამში იღებენ და მათ ამ შედეგის სხვა საავადმყოფოების კოლეგებისთვის გაზიარებაც ანალოგიურად სწრაფად შეუძლიათ. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით დიაგნოზს ექთნებიც კი სვამენ, რომლებიც მონაცემებს უფრო დიდ საავადმყოფოებში კონსულტაციისთვის სწრაფად აგზავნიან.

ინსულტის ნიშნების გამოვლენის სისტემის შემუშავება ნიდერლანდებში 2015 წელს დაიწყო, ხოლო მისი საპილოტე ტესტირება მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდა. ხელოვნური ინტელექტი უკვე ნიდერლანდების 60 საავადმყოფოში მუშაობს. ამასთან, აგვისტოში ნიდერლანდელ კოლეგებს აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ესპანეთის 54 საავადმყოფოსგან შემდგარმა ქსელმა სთხოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ