მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში კომპანია "დემარკის" პროექტმა გაიმარჯვა

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს "აპოლო გ.ს"-ს მიერ გამოცხადებულ ერთობლივ საჯარო კონკურსში კომპანია "დემარკის" პროექტმა გაიმარჯვა.

როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "დემარკის" პროექტი 11 პროექტს შორის, 20-კაციანი ჟიურის მიერ ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული პროექტის კონცეფცია სწორი და მერიისთვის მისაღებია, ჟიურის მიერ კომპანიას რამდენიმე რეკომენდაცია მიეცა, რომლის მიხედვითაც პროექტი გადამუშავდება და თბილისის მთავრობაში დასამტკიცებლად თავიდან შევა.

"პროექტი მისი სივრცული დაგეგმის მიმართულებით არის სწორი, მაგრამ კიდევ საჭიროებს დახვეწას. აქედან გამომდინარე, შპს "აპოლოსგან", რომელიც შესაბამისი ტერიტორიის მფლობელია, მივიღეთ სიტყვიერი და წერილობითი დასტურიც, რომ ვიდრე პროექტი მერიაში დასამტკიცებლად შემოვა, იქამდე ის ჟიურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით გადამუშავდება", - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

მისივე შეფასებით, რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მთავარია ის, რომ ობიექტი, რომელიც აშენდება, ტერიტორიაზე არ იყოს დომინანტი. "გამარჯვებული პროექტის პლუსი სხვა პროექტებთან შედარებით არის ის, რომ მას აქვს სწორი კონცეპტუალური მიდგომა ანუ სივრცეების გადანაწილებას ახდენს სწორად. მერიის აზრით, აღნიშნულმა პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ ის არ იყოს დომინანტი ობიექტი იმ ტერიტორიისთვის და იყოს ფონური შენობა, რომელიც აბსოლუტურად შერწყმული იქნება შესაბამის რელიეფებთან. ასევე ამ ტერიტორიას აქვს ორი ნიშნული – ქვედა და ზედა. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ სივრცე კიდევ უფრო გაიშალოს და მშენებლობისთვის გამოყენებული იყოს ზედა ნაწილიც", - აღნიშნა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

ღოღობერიძის მტკიცებით, თუკი გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის გადამუშავების პროცესში რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება, მას მერია არ დაამტკიცებს. მირზა შაფის ქუჩაზე კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სასტუმრო აპარტამენტი აშენდება, რითაც საქართველოში "კემპინსკის" ბრენდი შემოვა.