რა რაოდენობით ოქროს ზოდი გაყიდა სებ-მა 4 დეკემბრიდან დღემდე

საინვესტიციო ბაზრის განვითარების და აქტივების დივერსიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით კი, სებ-მა 333 ოქროს ზოდი და სერტიფიკატი გაყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი ტემპის და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, ოქროს სერტიფიკატისა და ოქროს ზოდები ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტია.

„ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება.

სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდების რეალიზაციას ახორციელებს. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.

ოქროს ზოდის და ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად დგინდება.

ოქროს ზოდების ყიდვა როგორც სებ-ის ინტერნეტ მაღაზიიდან, ასევე საკასო ცენტრიდანაც არის შესაძლებელი, ოქროს სერთიფიკატების რეალიზებას კი კომერციული ბანკები ახდენენ. ამ დროისთვის გაყიდულია 10 ერთეული 20 გრამიანი და 1 ცალი კგ-იანი ოქროს სერთიფიკატი.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 1.8%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 2,053 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულის სებ-ის ინფორმაციაში.