სავალუტო კურსით მანიპულირებისთვის მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი დაჯარიმდა

მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი ბანკი 5,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა სავალუტო გაცვლითი კურსით მანიპულირებისთვის. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დანაშაული უკვე აღიარეს ამერიკულმა ბანკებმა JP Morgan Chase და Citigroup-მა, ბრიტანულმა Barclays, შოტლანდიურმა Royal Bank of Scotland (RBS) და შვეიცარიულმა UBS AG.

NBC-ის ინფორმაციით, JP Morgan Chase ჯარიმის სახით 550 მილიონ დოლარს გადაიხდის, Citigroup – 925 მილიონ დოლარს. რაც შეეხება ბრიტანულ ბანკებს, Barclays 650 მილიონი დოლარით დაჯარიმდა, RBS - 395 მილიონი დოლარით, ხოლო UBS AG – 203 მილიონი დოლარით. გარდა ამისა, მაქინაციებში მონაწილეობისთვის ”ბარკლი” რვა თანამშრომელს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, აშშ-ის ფედერალური რეზერვის სამსახურმა ხუთივე ბანკს 1,6 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის ლორეტა ლინჩის განცხადებით, 2007 წლიდან მოყოლებული, ხუთი წლის განმავლობაში, ბანკირები პირად ელექტრონულ ჩათს იყენებდნენ გაცვლითი კურსით მანიპულირებისთვის. რეგულატორთა განცხადებით, 2008-2012 წლების პერიოდში რამდენიმე ტრეიდერმა კარტელი შექმნა და გაცვლითი კურსის მანიპულირებით ფინანსურ სარგებელს ნახულობდნენ.

2014 წლის ნოემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ”ამერიკის ბანკი”, JP Morgan Chase და Citigroup თითქმის მილიარდი დოლარით დააჯარიმა სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისას ”სარისკო პრაქტიკის” გამო. იმავე პერიოდში JP Morgan Chase-მა, Citigroup-მა, UBS-მა, RBS-მა და HSBC-ის ბრიტანულმა განყოფილებამ ევროპელ რეგულატორებს 3,3 მილიარდი დოლარი გადაუხადეს სავალუტო კურსით მაქინაციებისთვის.