საქართველო 2023 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილზეა.

"გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის Transparency International მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში“, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს, წლევანდელი შედეგით კვლევის მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილზე იმყოფება და ევროკავშირის 15 ქვეყანას უსწრებს.

რაც შეეხება Fraser Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს“, აქ საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო „თავისუფალი ქვეყნების“ სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.

ხოლო Global Risk Profile-ის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ - ში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, 43-ე ადგილზე განთავსდა.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო რეიტინგებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

Moody's

აქ საქართველოს რეიტინგი ნეგატიურისკენ შეიცვალა. Moody's-ის თანახმად, რეიტინგის ცვლილება განპირობებულია კაპიტალის ადექვატურობის სუსტი შეფასებით რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. შექმნილ ვითარებაში საქართველო პოლიტიკურად დაუცველია რუსეთისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ.

თუმცა ამის გარდა, Moody's-ის რელიზში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ადექვატურ რეაგირებას ეკონომიკური და ფინანსური შოკებისგან. ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა მცურავი გაცვლითი კურსი.

Fitch

Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2023 წელს 6,9%-დან 2024-2025 წლებში საშუალოდ 5%-მდე შემცირდება, რადგან მიგრაციული ნაკადებისა და საგარეო მოთხოვნის მხარდაჭერა სუსტდება.

Heritage Foundation

საქართველომ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 25-ე ადგილი დაიკავა და 41 თავისუფალ ქვეყანას შორის მოხვდა. 2023 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021 წლის მონაცემებს, აჩვენებს, რომ საქართველო წინა წლის რეიტინგთან შედარებით ორი ნაბიჯით წინ არის წაწეული.

S&P Global Ratings

S&P-მა თავის ანგარიშში დაადასტურა თავისი გრძელვადიანი და მოკლევადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. ანგარიშის თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,1%-მდე დარჩება, იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადის გათვალისწინებით.

რეიტინგში პირველი ადგილს სინგაპური იკავებს, ბოლოს კი - ვენესუელა.

ეკა დარჩიაშვილი