2023 წელს მსოფლიოს 20-მა უმსხვილესმა ბანკმა სამუშაო ადგილების რაოდენობა 60 ათასით შეამცირა

2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს 20-მა უმსხვილესმა ბანკმა სამუშაო ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში 60 ათასით შეამცირა. ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ - წერს Financial Times-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოგების მარჟის შესანარჩუნებლად, ბანკები იძულებულნი გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ.

„უმეტეს ბანკში არ არის ინვესტიციები, სტაბილურობა და ზრდა, ამიტომ მოსალოდნელია სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირება“, - აღნიშნავს კომპანია Silvermine Partners-ის მფლობელი, რომელიც ფინანსური სექტორისთვის კადრების აყვანით არის დაკავებული.

თუკი Financial Times-ის ამ მონაცემებს 2007-2008 წლების ფინანსურ კრიზისს შევადარებთ, სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 140 ათასით შემცირდა.

ყველაზე მასშტაბური შემცირება წელს შვეიცარიის UBS-ში შეინიშნებოდა, რომელმაც წლის მეორე ნახევარში თავისი კონკურენტი, Credit Suisse იყიდა. ნოემბერში UBS-მა გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომ გაერთიანებულ კომპანიაში შტატები 13 000 ადგილით შემცირდა და ჯამში 116 000-ს შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები 2024 წელსაც გადაიდგმება.

მეორე ადგილზეა Wells Fargo & Co. დეკემბერში ამერიკულმა ბანკმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში 12 000 კადრი გაათავისუფლა.

Citigroup Inc.-ში წელს 5 000 ადამიანი გაუშვეს, Morgan Stanley-ში - 4 800, Bank of America Corp.-ში - 4 000, Goldman Sachs Group Inc.-ში 3 200, ხოლო JPMorgan Chase & Co-ში - 1000.

ეკა დარჩიაშვილი