”მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ნებისმიერ განცხადებას აქვს კურსზე გავლენა”

არა მარტო ეროვნული ბანკის, ასევე ექსპერტების თუ სხვა ავტორიტეტის მქონე პირების განცხადებებს აქვს გავლენა კურსზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას გვესმოდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება კურსის მოკლევადიან მერყეობას და იმას, თუ რამ გამოიწვია ამ დღეებში კურსის ჯერ გაუფასურება და შემდეგ გამყარება, როგორც მესტვირიშვილმა განმარტა, მცურავ გაცვლით კურსს გააჩნია თავისი დამახასიათებელი თვისება, რომ კურსი არის მერყევი, მათ შორის ყოველდღიურ რეჟიმში.  "უფრო განვითარებულ ბაზარზე მსგავსი მოძრაობები თქვენ შეიძლება დღის შიგნითაც კი ნახოთ. საქართველოში ლარი არ არის განსაკუთრებით მერყევი, მცურავი გაცვლითი კურსის სტანდარტებიდან გამომდინარე, იგივე თუ შევადარებთ თურქეთსა და სხვა ქვეყნებს", - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის განმარტებით, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ნებისმიერ განცხადებას აქვს კურსზე გავლენა. "ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოზომილი განცხადებები გავაკეთოთ. ამიტომ არის ხანდახან კრიტიკა, თუ რატომ არ გამოვდივართ ყოველდღე და არ ვსაუბრობთ ამაზე. ნებისმიერ ჩვენს განცხადებას აქვს კურსზე გავლენა. თუმცა, არა მარტო ჩვენს განცხადებას, ასევე ექსპერტების თუ სხვა ავტორიტეტის მქონე პირების განცხადებებს აქვს გავლენა კურსზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას გვესმოდეს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.