„ელ-ნინიო“ - რა საფრთხე ემუქრება მსოფლიო სურსათის მარაგს 2024 წელს

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით სურსათის ფასების ზრდამ ფერმერები აიძულა, რომ მეტი მარცვლეული დათესონ და პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაზარდონ, მაგრამ 2024 წლისთვის, ეს საკითხი კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან, Reuters-ის ინფორმაციით, შემდეგი წელი გამორჩეული იქნება გვალვით, ექსპორტის შეზღუდვებით და ბიოსაწვავის მაღალი მანდატებით.

„მარცვლეულის მიწოდების საერთო სურათი, რა თქმა უნდა, 2023 წელს გაუმჯობესდა, ვინაიდან საკვანძო ლოკაციებზე შედარებით დიდი მოსავალი მოვიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ არის მოგვარებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ამინდი იქნება 2024 წლის დასაწყისიდან აპრილ-მაისამდე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილია სიმინდის წარმოებას ამცირებს, ხოლო ჩინეთი ძალიან დიდი რაოდენობის ხორბლისა და სიმინდის შეძენას აპირებს ბაზრიდან“, - სოფლის მეურნეობის საბროკერო კომპანია IKON Commodities-ის საკონსულტაციო მომსახურების დირექტორმა ოლე ჰუუმ.

საქმე იმაშია, რომ მეცნიერები El Nino-ს, იგივე „ელ-ნინიოს“ ფენომენზე საუბრობენ, რომელიც ანომალიურ, გლობალურ კლიმატურ მოვლენას წარმოადგენს, რა დროსაც, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ხდება. იგი სამ, ან შვიდ წელიწადში ერთხელ, ცივი დინების გაქრობის შემდეგ ჩნდება და მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ჩვეულებრივ თავს დეკემბერში იჩენს და მომდევნო პერიოდის ამინდზე აისახება.

სწორედ აღნიშნული ფენომენის გამო, აზიის დიდ ნაწილში, გვალვები იქნება, რაც 2024 წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება და საფრთხეს შეუქმნის ბრინჯის, ხორბლის, პალმის ზეთის და სხვა ფერმერული პროდუქტების მარაგს მსოფლიოს ზოგიერთ წამყვან სოფლის მეურნეობებში.

2024 წლის პირველი ნახევრიდან, ასევე შემცირდება ბრინჯის წარმოება, ვინაიდან მშრალ პირობებში გაუჭირდებათ უკვე არსებული ბრინჯის შენახვა და ახლის მოყვანა. საგულისხმოა ისიც, რომ ბრინჯის ფასები, 2023 წელს, ბოლო 15 წლის განმავლობაში 40%-45%-ით გაიზარდა.

ბაჩანა ტყემალაძე