რევაზ სოხაძე - მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ „ლაგუნა ვერეს“ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის

იმის მაგივრად, რომ ჩვენმა ოპონენტებმა კონკრეტულ პროექტებზე იმსჯელონ, ისინი ეძებენ სახელებს, თუ ვისია ეს პროექტი. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, ჩვენთვის გადამწყვეტია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის ესა თუ ის პროექტი, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის შესახებ.

რევაზ სოხაძის თქმით, ოპონენტების ბრალდებები უსაფუძვლოა და არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პროექტის განხორციელება არანაირ რისკებს არ შეიცავს.

„პროექტი, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, არანაირ რისკს არ შეიცავს და პირიქით, მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის. ამის დამადასტურებელი ყველანაირი მასალა არსებობს და შესაბამისი დოკუმენტების სახით წარმოდგენილია საკრებულოში. აღნიშნულ პროექტს ისტორიული საბჭოს რეკომენდაციაც აქვს და მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებულ შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი არ აქვს, იგი მაინც შენარჩუნდება. რაც შეეხება სატრანსპორტო მიმართულებას, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდება, რაც სატრანსპორტო მოძრაობას განმუხტავს. იმედი მაქვს, რომ საკრებულოს სხდომაზე ეს პროექტი დადებით რეკომენდაციას მიიღებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.