ქვეყანაში ტყეების 98.5 % ბუნებრივი წარმოშობისაა - რა ფართობი უკავია ტყის მასივებს საქართველოში

ქვეყანაში ტყეების 98.5 % ბუნებრივი წარმოშობისაა. ამის შესახებ საქართველოს ტყეების მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლების განმავლობაში საველე სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება მიმდინარეობდა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს, მათ შორის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეებით დაფარული ფართობი შეადგენს 3 100 500 ჰექტარს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 44.5%-ია.

ამასთან, ქვეყნის ტყეების 98.5% ბუნებრივი წარმოშობისაა. თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, ფაქტობრივად უმნიშვნელო რაოდენობით, საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული მეტწილად ფიჭვის კორომები (1.5%).

„ვინაიდან, საველე სამუშაოები ვერ განხორციელდა დროებით ოკუპირებულ და ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის მომიჯნავე ტერიტორიებზე, ტყით დაფარული ფართობების დადგენის მიზნით, გამოყენებულია დისტანციური ზონდირების მეთოდი. შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ტყით დაფარული ფართობის 24.5% (759 200 ჰა.), მოქცეულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ შორის: აფხაზეთის ტყით დაფარული ფართობია 547 600 ჰა., ხოლო ცხინვალის რეგიონის - 211 600 ჰა. ჯამში საქართველოს დროებით ოკუპირებულ და მის საზღვართან არსებულ ტერიტორიაზე მოქცეულია ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობებით დაფარული - 822 000 ჰა., რაც ქვეყნის ტყით დაფარული ფართობის 26.5%-ს შეადგენს“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური