იოჰანეს ჰანი: საქართველომ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, რათა ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს

საქართველომ რამდენიმე გამოკვეთილი პირობა უნდა შეასრულოს, რათა ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პარტნიორობა არ არის გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით. არსებობს რამდენიმე გამოკვეთილი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმისთვის, რომ საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს განხორციელებადია წლის ბოლოსთვის, მაგრამ საჭიროა დისკუსია და საბჭოს გადაწყვეტილება. იგივე შეიძლება ითქვას ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაშიც. ჩვენ ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდგომ ნაბიჯებზე. ეს ნაბიჯი უკვე ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაა. ეს არის ევროპასთან დაახლოების პროცესი, ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.