ლევან კალანდაძე: ფაქტორები, რაც ლარის ავადობის თემას განაპირობებდა, ჯერჯერობით არ შეცვლილა

მე ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული სპეკულაციური ფონის შემცირებამ გამოიწვია ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.  "მე მგონია, რომ ის სპეკულაციური კომპონენტი, რომელიც ბოლო პერიოდში ლართან მიმართებაში ნეგატიურ როლს თამაშობდა კურსის გაუარესების თვალსაზრისით, გარკვეულწილად შემცირდა და ამან მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ბანკების მხრიდან დოლარზე მოთხოვნის ზრდას. ის ფაქტორები, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა ლარის ავადობის თემას, პრინციპში ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ტურისტული შემოდინებები მცირედით შეიცვალა. მე ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული სპეკულაციური ფონის შემცირებამ გამოიწვია ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება პროგნოზებს, გააგრძელებს თუ არა ეროვნული ვალუტა გამყარებას, ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ ლარი კიდევ გამყარდება, თუმცა ის პირველად ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.  "გამოითქვა მოსაზრებები, არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერმა გარკვეული დადებითი როლი ითამაშა ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესების განვითარების კუთხით. მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება. მსჯელობა, აქტიური განხილვა ლარის კურსის მონეტარული ინსტრუმენტების ეფექტურობის საკითხისა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპეკულაციური კომპონენტის ერთი მხრივ, მოხსნას და მეორე მხრივ, ის ორგანოები, რომელთა ხელშიც არსებობს და არის მონეტარული ინსტრუმენტები, უფრო მეტად მოტივირებული იქნებიან მონეტარული პოლიტიკის გატარების ეფექტურობაზე. ამას ემატება ისიც, რომ ზაფხულის სეზონი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლართან დაკავშირებული სტაბილიზაციის ტრენდი გაგრძელდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარი გამყარდება იმდენად, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, თუმცა გარკვეული სტაბილურობის ხარისხი შენარჩუნებული იქნება. დანარჩენი უკვე საშუალოვადიან პერიოდში, წლის მეორე ნახევარში რამდენად ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა, რამდენად კოორდინირებული, ეს უკვე განსაზღვარს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარის გაჯანსაღების პროცესს", - განაცხადა კალანდაძემ.