„ჯივიპი“ - თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უპრეცედენტოდ დიდი, 363 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამის შესახებ ნათქვამია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2024 - 2026 წლებში კომპანია რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის ამორტიზებულ ქსელსა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას განაახლებს, რაშიც ჯამში 363 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

„სემეკმა დღეს ტარიფში ასახა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარდგენილი ინვესტიცია, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეფექტურად განვაახლოთ მოძველებული ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად შევამციროთ წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, დრო და არეალი.

მოგეხსენებათ, „ჯივიპის“ ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია „აქუალია“ საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია. ჩვენ მიერ სემეკში წარდგენილი ინვესტიცია, ამორტიზებული ქსელებისა და მოძველებული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განახლებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სემეკის მიერ დღეს ახალი ტარიფი დამტკიცდა, რომლის თანახმადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) წყლის გადასახადი უცვლელი დარჩა, რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს (საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებს), თბილისსა და მცხეთაში 1მ3 წყლის გადასახადი 1 იანვრიდან 8.807 ლარი, ხოლო რუსთავში 6.500 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სისტემის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავსი მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლებშიც აუცილებელი იქნება, რათა გრძელვადიან პერიოდში შევძლოთ გამართული, ევროპული სტანდარტის წყალმომარაგების სისტემის შექმნა“,- განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა.