გიორგი ვაშაძე - სრულად იცვლება განწყობები ცხინვალსა და სოხუმში, ხალხს კონკრეტული არჩევანი აქვს: რუსული პასპორტი თუ ქართულ-ევროპული პასპორტი

საქართველოში ევროკავშირის მოახლოებასთან ერთად, სრულად იცვლება განწყობები ცხინვალსა და სოხუმში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით, ვაშაძე დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი".

ვაშაძის თქმით, საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ევროკავშირში სწრაფად შესვლა უნდა იყოს, რაც არის გზა საქართველოს ტერიტორიების აღდგენისკენ.

„საქართველოში ევროკავშირის მოახლოებასთან ერთად, სრულად იცვლება განწყობები ცხინვალსა და სოხუმში. ხალხს კონკრეტული არჩევანი აქვს: რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან ასოცირდება, თუ ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც პერსპექტივასთან და განვითარებასთან ასოცირდება.

ჩემთანაც გამოდის ბევრი კონტაქტზე და ზუსტად ვიცი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთლიანად იცვლება განწყობა. ამიტომ კეთდება ეს განცხადებები, ამიტომ არიან გააქტიურებულები საოკუპაციო რეჟიმები.

ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ევროკავშირში სწრაფად შესვლა, რაც არის გზა საქართველოს ტერიტორიების აღდგენისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც არ უნდა შეეცადონ მარიონეტული რეჟიმები, ხალხის ნებას ვერავინ დაუპირისპირდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.