კახა ლაბუჩიძე - „ლაგუნა ვერეს“ პროექტი ქალაქგანვითარების საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს

დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ „ლაგუნა ვერეს“ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა ლაბუჩიძის თქმით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტი ქალაქგანვითარების საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ოპოზიცია სატელიტი ტელევიზიების დახმარებით, კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„მთელი ეს პერიოდი, აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, აბსოლუტურად უარგუმენტო შენიშვნებს ვისმენდით. ოპოზიცია გეგმარებით დავალებას ისე „ასაღებდა“, თითქოს საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გვარებისა და პერსონალების გაჟღერებით იფარგლებოდა. სამწუხაროდ, ამ 4 თვეში მათი სამეტყველო ენა არ შეცვლილა. დღევანდელ სხდომაზეც არაფერი აზრიანი და არგუმენტირებული არ უთქვამთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქალაქგანვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტზე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კახა ლაბუჩიძის თქმით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტი ერთ-ერთი სრულყოფილი პროექტია, რომელიც ამ სივრცის სამომავლო განვითარების საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს.