მომდევნო წლიდან „მიკი მაუსი“ საზოგადოებრივი საკუთრება გახდება

2024 წლის 1-ლი იანვრიდან „უოლტ დინსეის“ „მიკი მაუსი“ საზოგადოებრივი საკუთრება გახდება.

გაზეთი Times-ი წერს, რომ კომპანია Disney-ის უამრავი მცდელობის მიუხედავად, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და საყვარელი მღრღნელის გამოყენებას მთელი მსოფლიოს რეჟისორები, სცენარისტები და მხატვრები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

საუბარია „მიკი მაუსის“ სულ პირვანდელ, შავ-თეთრ ვერსიაზე, რომელიც 1928 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე მოკლემეტრაჟიან ფილმში Steamboat Willie, რომელმაც „უოლტ დისნეი“ გაკოტრებას გადაარჩინა და მსოფლიო მულტიპლიკაციასაც დაუდო საფუძველი.

ამერიკული საავტორო კანონის თანახმად, რომელიც წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, მონოპოლია შეიძლება 95 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს და Disney-ის ეს ვადა სულ მალე ეწურება.

კომპანიის განცხადებით, ის ყურადღებით გააგრძელებს თვალის დევნებას, თუ როგორ გამოიყენება მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი. "მიკი გააგრძელებს უოლტ დისნეის კომპანიის გლობალურ ელჩად მუშაობას ჩვენს ისტორიებში, თემატურ პარკებსა და საქონელში და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საავტორო უფლებების დაცვას მიკი მაუსის შემდგომი ვერსიებისა და სხვა საავტორო უფლებებით დაცული მასალების შესახებ." - ნათქვამია Disney-ის განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი