რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის კრიტიკით მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას ცდილობს

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის, რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის კრიტიკით მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას ცდილობს, - აღნიშნული შეფასება რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საპარლამენტო კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის ანგარიშის უარყოფითად შეფასების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. "ეროვნული ბანკის კრიტიკა ეს არის მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევა და თავის არიდება", - აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო, ექსპერტის აზრით, ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. "ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ფუნდამენტურზეც, როგორიცაა იმპორტის შემცირება. იმპორტი შემცირდა იმის გამო, რომ მყიდველობითუნარიანობა დაკარგა როგორც მოსახლეობამ, ისე იურიდიულმა პირებმა. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორიც, მაგალითად, ტურიზმის გარკვეული ზრდა. ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ შემცირდა ვალუტის გადინება, ვინაიდან ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებ გაზს და ნაკლებ ენერგიას ვყიდულობთ და ა.შ. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს გარკვეული შეზღუდვები აქვს ხარჯებზე და ნაშთები იზრდება საბიუჯეტო ანგარიშებზე, ასე რომ, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა, თუმცა შესაძლოა არის რაღაც სიტუაციურიც და ლარზე უბრალოდ გაჩნდა მოთხოვნა", - აღნიშნა გოცირიძემ.