პირველი ქართული რეკლამები

"თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი", "საკერავი მანქანა ნამდვილი ზინგერისა"- ანუ როგორ ვითარდებოდა სარეკლამო ბიზნესი საქართველოში

21-ე საუკუნის ადამიანს რეკლამა ყველგან თან სდევს. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. როგორც მარკეტერები და პიარის სპეციალისტები ამბობენ, დღეს კარგი რეკლამით შორს “გაფრინდები”. ისინი ფიქრობენ , რომ ნახევარ საქმეს კარგად შეფუთული და მომხმარებლამდე ეფექტურად მიტანილი რეკლამა აკეთებს.

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ მოვლენებს, თავისი დაბადების და განვითარების ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და ”ყვირილს” ნიშნავს (ლათ. reclamo – „წამოვიყვირებ“) . რაც შეეხება მის შინაარსს, ის არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ფორმითა და ხერხით.

როგორი იყო პირველი რეკლამები, სად და როდის დაიწყო მისი განვითარება? - როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რეკლამა არც XX და არც XXI საუკუნის "მონაპოვარი" არ არის. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უძველეს ცივილიზაციებში ინფორმაციას სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ. II-III საუკუნეების ძველ საბერძნეთსა და რომში სავაჭრო განცხადებებს ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილას აკრავდნენ. გარდა ამისა, დაქირავებული ადამიანები საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხმამაღლა კითხულობდნენ სავაჭრო თუ სხვა სახის განცხადებებს.

ძველ რომში, ქუჩებსა და მოედნებზე სპეციალურად აშენებდნენ კირით შეთეთრებულ კედლებს, რომლებიც დაყოფილი იყო კვადრატებად. ამ კვადრატებში ვაჭრები და მევახშეები ნახშირითა და წითელი საღებავით ათავსებდნენ შესაბამის განცხადებებს. ასევე არსებობდა მყვირალების ინსტიტუტი ე.წ. „პროკო“, რომლებიც ხმამაღლა აცნობდნენ ხალხს ამა თუ იმ საქონლის, მოვლენის ან სანახაობის შესახებ. მოგვიანებით ინგლისსა და საფრანგეთში ეს ადამიანები ამქრებში გაერთიანდნენ.

ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეებში ვენეციელ გამომცემელს - მანუცის მიაწერენ.

ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა დაიწყო.

XVII საუკუნეში ბეჭდვის საყოველთაო შემოღებამ და წერა-კითხვის მასობრივმა გავრცელებამ, ხელი შეუწყო რეკლამის განვითარებას. ამ პერიოდიდან, ევროპის წამყვან ქვეყნებში (ინგლისში, საფრანგეთში ) იწყება პრესის, კერძოდ, გაზეთების მასიური გამოცემა და ბეჭდვითი რეკლამის საყოველთაო განვითარება. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამერიკელმა საქმიანმა ადამიანებმა დაინახეს ბეჭდვითი რეკლამის უპირატესობა და დაიწყეს ნახევრად კომერციული გაზეთების გამოშვება.

დროთა განმავლობაში რეკლამა მომგებიან ბიზნესად იქცა, შესაბამისად გიზარდა მასში ჩადებული ხარჯებიც. გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაცემებით, იტალიაში რეკლამაზე დაიხარჯა ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე განათლებაზე, ინგლისში - 0,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - 5 მილიარდ მარკაზე მეტი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 17 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, პირველი საგაზეთო რეკლამა მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, თითქმის მაშინვე, როდესაც ქართულმა ბეჭდურმა პრესამ არსებობა დაიწყო. 1861 წელს გამოდიოდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთი "გუთნის დედა", რომელშიც პირველი ქართული რეკლამა განთავსდა. გაზეთის გარეკანზე არც მეტი, არც ნაკლები, იმპორტული საქონელი იყო დაბეჭდილი და რეკლამა სასოფლო-სამეურნეო ხასიათს ატარებდა. მაგალითად, საუბარი ეხებოდა დღეში ცხრა თუნგის მომწველ ფლამანდრულ ძროხას. რეკლამა გამცნობდათ იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ძროხა რამდენ ლიტრს იწველიდა.

bpnამავე პერიოდში ძალიან ცნობილი იყო ლაღიძის სარეკლამო აბრები, რომლებიც მისსავე მაღაზიაში იყო გამოკრული. "თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი", "საკერავი მანქანა ნამდვილი ზინგერისა", "სასადილო ინტელიგენტი 14 სექტემბრიდან გადადის გამოცდილი მზარეულების ბოდელისა და ჩიკურის ხელში"- ეს ის ცნობილი სარეკლამო განცხადებებია, რომლებიც ქართულ-ჟურნალ გაზეთებში იყო განთავსებული.

რეკლამა უკეთდებოდა ასევე უცხოური წარმოების ფეხსაცმელებს, ე. წ საკერავ და სათიბ მანქანებს, თერძებს, ძმები ჟორჟოლაძეების აბანოს და სხვა. სარეკლამო ტექსტები კი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: "ფასები შეუვაჭრებლად", " სლავიანსკი ნომრები როგორც ოჯახისთვის, ისე უცოლშვილოებისთვის"... როგორც ამ ტექსტებიდან ჩანს, პირველი ქართული რეკლამის ავტორები ნამდვილად შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ეროვნული რეკლამა მაქსიმალურად პოზიტიური და იუმორისტული უნდა ყოფილიყო.

მეოცის საუკუნის დასაწყისში სარეკლამო გვერდები უკვე რეგიონულ პრესაშიც ჩნდება. გაზეთ "იმერეთის" ერთ-ერთ ნომერში აბანოში განსაბანად გვეპატიჟებიან და იქვე გვთავაზობენ სხვადასხვა სახის "მაშინებს" – საკერავს თუ საწერს. თითქმის ყოველ ნომერში გვხვდება ასევე ფეხსაცმლის თუ აბრეშუმეობის რეკლამა, მინაწერებით – "ფასები სხვებთან შედარებით დაკლებულია" ან "ფასები შეუვაჭრებლად" ("განსაკუთრებით ქალების კასტიუმებისთვის").

სატელევიზიო რეკლამა

პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში 1941 წლის 1 ივლისს აშშ-ში გავიდა. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც კომპანიამ 4 აშშ დოლარი გადაიხადა. პირველი სარეკლამო გმირი კი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993წ.) არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.

საქართველოში პირველი სატელევიზიო რეკლამა 1950-იანი წლების ბოლოს გავიდა. მაშინ ქართულ ჯემს რეკლამირებას ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე უწევდა. საბჭოთა კავშირში რეკლამა "ექსპლუატატორთა სოციალურ იარაღად" მიაჩნდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოეთში გავრცელებული იყო რეკლამის თავისებური სახე, რომელსაც საბჭოთა რეკლამას უწოდებენ. ის მოუწოდებდა მოსახლეობას შეენახა ფული შემნახველ სალაროებში, დაეცვათ საბჭოთა კავშირის საზღვრები, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა.შ.

დღეს კი საგაზეთო, რადიო და სატელევიზიო რეკლამებს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ინტერნეტ-რეკლამის სახით, რომელიც მსოფლიოშიც და საქართველოშიც რეკლამის ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახეობაა. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. ეს კი ინტერნეტში რეკლამის დამკვეთს დიდ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ეს აუდიტორია მათი პროდუქტის ან მომსახურების პოტენციური მყიდველია.

მარი მელიქიშვილი