ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო - მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა

ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო - ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლი, გადამწყვეტია.

„ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, (დღეს არცერთი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა ეს), დღეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღარ გვქონოდა. 2012 წელს წინა, მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა ომში ჩაბმული იქნებოდა, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად განადგურებას. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი და ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ლომის წვლილი, მთავარი უნიკალური როლი მან შეასრულა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან თავად განმარტა ყველა მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იცვლება და ეს ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება მსოფლიო წესრიგი. არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის და რაც მთავარია ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.