2022 წლის მიწურულს, როდესაც 2023 წლის პერსპექტივებზე ვსაუბრობდით, ყველა მოლოდინში ფიგურირებდა სიტყვა "თუ", აგრეთვე წინადადება "გააჩნია, რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება".
სამწუხაროდ, ომი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის კონტრშეტევამ იმედი და მოლოდინი გააჩინა. ამასობაში რუსეთი კვლავაც იყენებდა ენერგორესურსებს თავისი მიზნებისთვის, ხორბალს - შანტაჟისთვის, ევროკავშირმა კიდევ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა რუსეთს, გაფართოვდა რუსეთის ლიდერობით შექმნილი ბრიკსი და როგორც ჩანს, გაფართოება გაგრძელდება. ჩინეთმა გაააქტიურა შუა დერეფნის პროექტზე ლაპარაკი, რომელიც საქართველოსაც ეხება და გვიზრდის პერსპექტივას, მაგრამ ომი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, მას უკვე სხვა ცხელი წერტილებიც დაემატა.
საერთო ჯამში, როგორ გამართლდა 2023 წლის ეკონომიკური პროგნოზები და რა პროცესებს ველოდებით 2024 წელს, ამ საკითხებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აკადემიკოსმა ლადო პაპავამ ისაუბრა. გთავაზობთ, ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- მომავალი წლისთვის რას ელოდებით? დაახლოებით რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა? როგორი იქნება ინფლაცია, ვალუტის კურსი, დასაქმება და საერთო ჯამში, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა?
- პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლითაც მთავრობამ აიღო საკმაოდ სერიოზული ორიენტაცია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე პენსიების, ხელფასების, სოციალური დახმარებებისა და სხვა გასაცემლების ზრდით. როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა არ აისახება მოსახლეობაზე, ეს რეალობას არ შეესაბამება. ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას მისცა დამატებითი საგადასახადო შემოსავლები და ამით მიღებული ეფექტი გადანაწილდება სოციალურ მიმართულებებზე, რაც, უშუალოდ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე.
რას უნდა ველოდოთ 2024 წელს? ეს იქნება პოლიტიკურად საკმაოდ დამუხტული წელიწადი. ჩვენ გვაქვს პარლამენტის არჩევნები შემოდგომაზე, ამიტომ ისევ ის თამაში გაგრძელდება - ანუ ტრადიციულად ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება, ითანამშრომლოს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მაშინ, როცა ოპოზიცია ნებისმიერ ფასად, ოღონდაც კი ხელისუფლებაში მოვიდეს, შეეცდება პროვოკაციების გატარებას, რამაც შემოდგომაზე შესაძლებელია გარკვეული რყევები გამოიწვიოს. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხის, ამომრჩევლის ქცევას, თუ რას დაუჭერს მხარს - მღელვარებას, რყევას თუ აირჩევს სტაბილურობას, განვითარებასა და იმ პოლიტიკას, რომ საქართველომ შეძლო ეკონომიკური განვითარება, შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და აიცილა ქვეყნის ჩართვა საომარ მოქმედებებში. ამ ფონზე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. თუმცა საქართველო ვერ იქნება გარე შოკებისგან დაცული, რადგან ჯერ ისევ არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, და თუკი საერთაშორისო ბაზარზე ინფლაციური რყევები დაიწყება, რასაკვირველია, პროდუქციის იმპორტთან ერთად მოხდება ინფლაციის იმპორტიც, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ. ასე რომ, ბევრი რამაა დამოკიდებული იმ გლობალურ საფრთხეებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. შეიძლება ითქვას, სხვა თანაბარ პირობებში 2024 წელი კარგი უნდა იყოს. მთავრობას აქვს ზომიერი პროგნოზი - 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც სავსებით მიღწევადია, მაგრამ ეს იმის გათვალისწინებით, რომ გარე შოკები არ იქნება ქვეყნისთვის დიდად დამაზიანებელი.
იხილეთ ინტერვიუ სრულად: 2024: „ნავთობის ომი“, „სასურსათო შანტაჟი“ და საქართველოს გეოპოლიტიკური შანსი