ქართველმა „ძალოვნებმა“ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებისთვის ორჯერ მეტი განაცხადით მიმართეს

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის მიზნით საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა Meta-ს 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, ორჯერ მეტი განაცხადით მიმართეს. ამის შესახებ Meta-ს ანგარიშში წერია.

კერძოდ, მთლიანობაში 149 ანგარიშზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ქართველმა „ძალოვნებმა“ Meta-ში 47 განაცხადი გაგზავნეს, მაშინ, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ასეთი განცხადების რაოდენობა სულ 27 იყო და 40 ანგარიშს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებების რაოდენობით საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ლიდერობს. მაგალითად, მეზობელი აზერბაიჯანიდან Meta-ში 15, სომხეთიდან კი სულ 5 ასეთი განაცხადი შევიდა.

Meta წერს, რომ საქართველოდან შესული განცხადებების 94% დადებითად დაკმაყოფილდა და მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა. ისინი Facebook-ზე, Instagram-ზე, Whatsapp-სა და სხვა სერვისებზე ინფორმაციის წვდომას შეეხებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ