როდის აღდგება მესტიის გზაზე გადაადგილება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“, საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათი თქმით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე, კვლავ აღინიშნება ქვათაცვენა, ასევე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელიც გზის სავალ ნაწილს კეტავს და შესაბამისად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღესაც ვერ აღდგება.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ როდის გახდება შესაძლებელი მოძრაობის აღდგენა.

ცნობისათვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა გუშინ, 4 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

ბაჩანა ტყემალაძე