ჩინეთმა პირველი ელექტროთვითმფრინავი გამოსცადა

ჩინეთმა საკუთარ წარმოების პირველი ელექტროთვითმფრინავი, AG60E გამოსცადა, რომელიც მსუბუქი ორადგილიანი მოდელის, AG60-ის ელექტროვერსიაა. ამის შესახებ თვითმფრინავის შემქმნელმა კომპანია China Aviation Industry General Aircraft Corporation-მა განაცხადა, რასაც CGTN ავრცელებს.

საცდელი ფრენა ქალაქ ხანჩჟოუს ციანდაოხუს სამოქალაქო ავიაციის აეროპორტში შესრულდა.

AG60E-ის სიგრძე 6,9 მეტრი, ხოლო ფრთათშორისი განი 8,6 მეტრია. მაქსიმალური კრეისერული სიჩქარე 185 კმ/სთ-ია. მწარმოებელი უკვე წარმოებული თვითმფრინავების ელექტრიფიკაციის მიზნით გადაწყობას ეფექტურ გადაწყვეტას უწოდებს, რომელიც ახალი სტრატეგიული ინდუსტრიის განვითარებას განაპირობებს.

The New York Times-ის შეფასებით, ელექტროთვითმფრინავები ავიაციის ისტორიის უმეტეს პერიოდში მხოლოდ ფანტაზია იყო, თუმცა ბატარეებსა და სხვა კომპონენტებში ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა, მილიარდობით დოლარის ინვესტიციებთან ერთად, ელექტროთვითმფრინავებზე ფრენა შესაძლებელი გახადა.

ელექტრული თვითმფრინავები ფრენისას მავნე გამონაბოლქვს არ გამოყოფენ. ასევე, მათი მართვა და შენახვა, ჩვეულებრივ ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან შედარებით, უფრო ადვილია. თუმცა დარგის ექსპერტები მოელიან, რომ ელექტროთვითმფრინავები მაინც არაპოპულარული იქნება და ისინი მხოლოდ მოკლე დისტანციებზე შეძლებენ ფრენას.

საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია AeroDynamic Advisory-ის მმართველი დირექტორი, კევინ მაიკლსი ამბობს, რომ დღეს ელექტროავიაციის წინაშე მდგარი გამოწვევები მე-20 საუკუნის დასაწყისში საავტომობილო ინდუსტრიის წინაშე მდგარი გამოწვევების მსგავსია, როცა მსოფლიოში, თავიანთი უნიკალური მიდგომებით, რამდენიმე ასეული მწარმოებელი არსებობდა, მაგრამ არ იყო გზები, შუქნიშნები და დაზღვევა. თუმცა 20 წლის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ეს სფეროც განვითარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ