საქართველოში ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს - „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი

2016-2023 წლებში, საქართველოში ლუდის მოხმარება წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, 2023 წელს ლუდის მოხმარება საქართველოში 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.

ჩვენი მოლოდინით, ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს. 2023 წლის მონაცემებით, მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. ჩვენი აზრით, ეს პროპორცია 2024 წელსაც შენარჩუნდება,“- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება საქართველოში მზარდია და 2023 წელს 45 ლიტრს შეადგენს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 81 ლიტრს.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.

თაია არდოტელი