ისრაელის ფრენჩაიზის გამო პროპალესტიურ ქვეყნებში McDonald's-ის მოგება შემცირდა

ტერორისტულ პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასთან“ ისრაელის ომმა და მასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ McDonald's Corporation-ის ბიზნესზე ახლო აღმოსავლეთსა და რეგიონის მიღმა ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ LinkedIn-ზე დაწერა.

ოქტომბერში McDonald's Israel-მა სოციალურ მედიაში გამოაცხადა, რომ სწრაფი კვების ათობით ათას პროდუქტს უფასოდ გადასცემს ისრაელის სამხედრო პერსონალს, საავადმყოფოებს, პოლიციას და ღაზას სექტორის მცხოვრებლებს, ხოლო ისრაელის სამხედრო პირები ამავე დროს ქსელის ობიექტებში სტუმრობისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებდნენ. ამ განცხადების შემდეგ კორპორაციის ფრენჩაიზებმა საუდის არაბეთში, ომანში, ქუვეითში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, იორდანიასა და თურქეთში ისრაელის განყოფილება გააკრიტიკეს და პირობა დადეს, რომ პრიორიტეტულად ღაზას სექტორს დაეხმარებოდნენ.

მაშინ კორპორაციის სათაო სტრუქტურაში Reuters-ის წყარომ ადგილობრივ საზოგადოებასთან ისრაელის ფრენჩაიზის დამოუკიდებელ ურთიერთობაში გასაკვირი ვერაფერი დაინახა. თუმცა პროპალესტინელი მომხმარებლების მხრიდან McDonald's Israel-ის ქმედებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა და ისინი ქსელის ბოიკოტირების მოწოდებითაც გამოდიოდნენ.

მაგალითად, McDonald's Malaysia მოგების შემცირებას სწორედ ბოიკოტს მიაწერს, რამაც საწარმოს დახურვა და სამსახურიდან ხალხის გათავისუფლება გამოიწვია, ხოლო დიდი ბრიტანეთის ბირმინგემში McDonald's-ის ობიექტებში პროტესტანტებმა ორჯერ შეყარეს პალესტინის დროშის ფერებში მოხატული ცოცხალი თაგვები.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომში ჩართულ არცერთ მთავრობას არ აფინანსებს და მხარს არ უჭერს, ხოლო ფრენჩაიზების ნებისმიერ ქმედებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, McDonald's-ის თანხმობის ან დამტკიცების გარეშე მიიღება.

„ეს გულდასაწყვეტი და უსაფუძვლოა. ყველა ქვეყანაში McDonald's-ის რესტორნებს ადგილობრივი კომპანიები მართავენ,” - წერს კრის კემპჩინსკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ