საქართველოსთვის საჭირო ბუნებრივი გაზის თითქმის მთელი მოცულობა წელსაც აზერბაიჯანიდან შემოვა

საქართველოში წელს დაგეგმილი ბუნებრივი აირის საიმპორტო მოცულობა 3,217 მლრდ კუბური მეტრს შეადგენს, საიდანაც 3,017 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იქნება.

ინფორმაციას სააგენტო Trend აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

2024 წლისთვის საქართველოს ბუნებრივი აირის ბალანსი 3,231 მლრდ კუბური მეტრით არის შეფასებული, ხოლო ამ მოცულობის 99,6% იმპორტის წილია. აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსთვის 200 მლნ კუბურ მეტრ გაზის მიწოდება რუსეთიდან იგეგმება.

2023 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდება 2,858 მლრდ კუბურ მეტრ მოცულობაზე იყო პროგნოზირებული.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 2,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ექსპორტირებული, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობაზე, ანუ 2,2 მლრდ კუბურ მეტრზე 13,6%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ