ზანგეზურის დერეფნის პროექტი 2029 წლისთვის დასრულდება - თურქი მინისტრი

თურქეთი ზანგეზურის დერეფნის პროექტის დასრულებას 2029 წლისთვის მოელის. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რასაც Trend ავრცელებს.

„ეს დერეფანი ჩვენთვის უალტერნატივოა,“ - ხაზგასმით აცხადებს ურალოღლუ.

მისი თქმით, ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანული ნაწილი, ანუ ბაქოდან აზერბაიჯანის ქალაქ გორადიზამდე სატრასპორტო-სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ხოლო გორადიზიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ორდუბადამდე გამავალ მონაკვეთზე სამუშაოები ყველგან გრძელდება სიუნიქის პროვინციის გარდა, რომელიც სომხეთს ეკუთვნის.

დერეფნის საკუთრივ თურქული მონაკვეთის სიგრძე 224 კმ-ია. მინისტრის ცნობით, უნდა მოხდეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის თურქეთთან დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 100 კმ-ია, ხოლო ამ გზის გაგრძელება იგდირი-ყარსის რკინიგზა იქნება, რაზეც ტენდერი უკვე ჩატარდა და მშენებლობა წელს დაიწყება.

„მთლიანობაში, ამ დერეფნის შექმნის მთელ პროცესს ხუთი წელი დასჭირდება და ვფიქრობ, რომ 2028 წელს ჩვენ ყველა სამუშაოს დავასრულებთ,“ - განაცხადა ურალოღლუმ.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, ზანგეზურის დერეფნის სომხური მონაკვეთის სიგრძე, დაახლოებით, 43 კმ-ია. აბდულკადირ ურალოღლუ მოუწოდებს სომხეთს, პროექტში დროულად ჩაერთოს, რომ „დაგეგმარება და ტენდერები ჩაატაროს, რის შემდეგაც დერეფანი დასრულებულად ჩაითვლება.“

აქვე ურალოღლუ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ბოლო დროს ის ამ დერეფანთან დაკავშირებით დადებითი გამოხმაურებით გამოირჩევა, თუმცა ადრე მსგავს ინიციატივას სომხური მხარე უარყოფითად აფასებდა.

თურქი მინისტრი სომხურ მხარეს იმასაც შეახსენებს, რომ ირანმა სომხეთის გვერდის ასავლელად ალტერნატიული გზის პროექტი წარადგინა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან ირანის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. მინისტრი ამბობს, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები ამ პროექტზეც მიმდინარეობს.

„თურქეთისთვის ზანგეზურის დერეფანი ცენტრალური აზიისა და თურქული სამყაროს ქვეყნებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა,“- აცხადებს ურალოღლუ.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს. მისი შეფასებით, ბაქო-ნახიჩევანი-ყარსის მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას შეუერთდება და საქართველოს საზღვაო პორტებთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ