იანოშ ჰერმანი: ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის, იგი ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც. ამის შესახებ ელჩმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

იანოშ ჰერმანმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ქმნის იმ საერთო დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვს. ეს დღის წესრიგი არის საქართველოში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა გაჰყვეს ევროპულ ორიენტაციას. ჰერმანმა დასძინა, რომ რა თქმა უნდა, რეფორმების განხორციელებას წლები დასჭირდება. ”ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის. იგი ევროკავშირს ავალდებულებს საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც. უნდა მოხდეს რეფორმირება სოციალურ სფეროში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და სხვა", - აღნიშნა ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველო გრანტების სახით ერთ მილიარდ დოლარს მიიღებს, წელს გრანტების მოცულობა 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს პროდუქცია უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე. "ამ თვალსაზრისით საქართველოდან ექსპორტი უფრო გაიზარდა და ეს შეგვიძლია განვიხილოთ ასოცირების ხელშეკრულების შედეგად", - აღნიშნა ჰერმანმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს, როგორ განხორციელდეს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოში და ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. როგორც ჰერმანმა განაცხადა, საქართველო ამ თვალსაზრისით ასრულებს თავის მოვალეობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ ხალხს სურს სწრაფად დაინახოს ამ პროცესის სარგებელი.  "ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილებისათვის ევროკავშირს სჭირდება დრო. არსებობს ვიზის ლიბერალიზაციის გეგმა. 28 ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა ჰკითხოს თავის ხალხს ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ, უნდა დაარწმუნონ საკუთარი ხალხი ამაში, ამისთვის კი დროა საჭირო", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.