დავით ნარმანია: მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების კონკურსში საუკეთესო პროექტი შეირჩა

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების კონკურსში საუკეთესო პროექტი შეირჩა.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" თემის კომენტირებისას განუცხადა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ინვესტორმა კომპანიამ ვერ მიაღწია და ვერ მოახერხა, რომ პროექტი დამტკიცებულიყო და ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსის მშენებლობა დაწყებულიყო.

მისივე თქმით, როგორც კი ისინი ქალაქის ხელისუფლებაში მოვიდნენ, გამოაცხადეს საჯარო კონკურსი, სადაც დაინტერესებულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა და სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. "შერჩევის პროცესი შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობდა, შეირჩა ყველაზე საუკეთესო პროექტი. გუშინ დასრულდა შერჩევის პროცესი, გამოვლინდა გამარჯვებულ არქიტექტორთა ჯგუფი, რომლებმაც მოამზადეს ყველაზე საუკეთესო კონცეფცია. ბოლოს ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები მივეცით და პროექტის კონცეფცია კიდევ არის დასახვეწი. თუმცა, საკმაოდ საინტერესო პროექტები იყო წარმოდგენილი და ყველაზე საუკეთესო პროექტი შეირჩა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის კრიტიკას საკითხთან დაკავშირებით, ნარმანიას განცხადებით, მათ შეუძლიათ გააკრიტიკონ პროექტი, თუმცა დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ ისინი სიღრმისეულად პროექტის კონცეფციას არ იცნობენ, რადგან გამარჯვებული გუშინ გამოვლინდა. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, უბრალოდ ეს არის აქცია აქციისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.