სარისკო დონე - რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის 60-დოლარიან ფასზეა გათვლილი

რუსეთის 2024-2026 წლების ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობის საბაზისო ფასად ბარელზე 60 დოლარი არის განსაზღვრული. თუმცა ფედერაციის ანგარიშთა პალატა ფინანსთა სამინისტროს აფრთხილებს, რომ არსებობს რისკი, ნავთობის ფასმა ბარელზე 60 დოლარს ვერ მიაღწიოს. პალატის დასკვნას Forbes ავრცელებს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 2024 წელს ნავთობის ფასზე ორიენტირებულ ტრადიციულ საბიუჯეტო წესს უბრუნდება. კერძოდ, თუ 2022 წელს, გაურკვევლობის გამო, ნავთობისა და გაზის საბაზისო შემოსავალი 8 ტრლნ რუბლის (88,3 მლრდ დოლარის) დონეზე იყო დაფიქსირებული, ახლა ფინანსთა სამინისტრო კვლავ ნავთობის ფასების დონეზე არის ორიენტირებული. 2017 წლიდან ათვლის ფასი ბარელზე 40 დოლარი იყო, ხოლო შემოსავალი, რომელიც ნავთობის ფასის დონეზე მაღალია, ეროვნული კეთილდღეობის ფონდში გროვდება. 2024 წლიდან ათვლის ფასი ბარელზე 60 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლიდან ის წელიწადში 2%-ით გაიზრდება.

„ანგარიშთა პალატა მიზანშეწონილად თვლის, აღნიშნოს რისკის არსებობა, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე 60 დოლარის დონეს ვერ მიაღწიოს. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2015-2017 წლებში და 2020 წელს კრიზისების ფონზე Urals-ის ნავთობის საშუალო წლიური ფასი ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაეცა, ხოლო 2014 წლიდან 2023 წლამდე ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე მხოლოდ 63,1 დოლარი იყო,“ - წერია ანგარიშთა პალატის დასკვნაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ალექსეი ლავროვი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ნავთობის მაღალი ფასების (ბარელზე 70-71 დოლარის) და სუსტი გაცვლითი კურსის (დოლარზე 90-92 რუბლის) მოლოდინების საფუძველზე არის შედგენილი. მისი მონაცემებით, ბარელზე 60 დოლარამდე ფასის გაზრდა საშუალებას იძლევა, ნავთობისა და გაზის ძირითადი შემოსავლები და, შესაბამისად, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები 1,7 ტრლნ რუბლით (18,8 მლრდ დოლარით) გაიზარდოს.

ფინანსთა სამინისტრო 2024 წელს ნავთობისა და გაზის საბიუჯეტო შემოსავლების, თითქმის, 30%-ით, 11,5 ტრლნ რუბლამდე (126,8 მლრდ დოლარამდე) გაზრდას მოელის. ეს, თითქმის, 2022 წლის რეკორდული დონის მაჩვენებელია, როცა ენერგეტიკულმა კრიზისმა ნედლდეულზე ფასების ზრდა გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ