„ბიზნესი ცდილობს, რომ მომსახურება იაფი უცხოელი მუშახელისგან მიიღოს საქართველოში“ - რა ვითარებაა შრომის ბაზარზე

საქართველოში დასაქმება გამარტივდა, შესაბამისად, იმის მოტივაცია, რომ პროფესიულად ადამიანები განვითარდნენ, ბევრად ნაკლებია - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.

„სახელმწიფო და ბიზნესი იმ შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს, რომ ჩამოაყალიბონ ის პროგრამები, რომლითაც პროფესიონალი კადრები მომზადდებიან. საქართველოში ამჟამად დასაქმება ძალიან გამარტივებულია და ადამიანებს აღარ უნდათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს და ამ მიმართულებით განვითარდნენ“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

ასოციაციის ხელმძღვანელის აზრით, უკვე არსებული პროგრამები, რითიც პროფესიული კადრები მზადდებიან, უნდა იყოს თანამედროვეობაზე მორგებული და არ იყოს მოძველებული. აგრეთვე, ბიზნესმა უნდა გააძლიეროს პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის სხვადასხვა პროფესიის დაუფლება.

„აუცილებელია, რომ მოძველებული სასწავლო პროგრამები თანამედროვე, ახალი პროგრამებით ჩანაცვლდეს. პროფესიულ სასწავლებლებს ბიზნესმაც უნდა დაუკვეთოს ისეთი კადრები, როგორებიც მათ უნდათ, რომ ჰყავდეთ, მაგრამ საქართველოში ბიზნესი ამჯობინებს კადრების თავად მომზადებას სტაჟირების კუთხით, რაც ასევე უამრავ პრობლემასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, საჭიროა პროპაგანდის გაძლიერება და ბიზნესმა თავად უნდა დაუკვეთოს პროფესიულ სასწავლებლებს სასურველი კადრები“, - აღნიშნა რესპონდენტმა გადაცემაში.

მიხეილ ჭელიძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს შრომით ბაზარზე იაფი უცხოელი მუშახელის არსებობაზე და ამ ტენდენციის განვითარება-გახშირებაზე. მისი თქმით, ისინი ქართველებთან კონკურენციაში შემოდიან და ფასებს შორის დიდი სხვაობის გამო, ხშირად ადგილობრივი დამსაქმებელი უცხოელებს ირჩევს.

„შრომის ბაზარი და ბიზნესი ცდილობს, რომ მომსახურება იაფი, უცხოელი მუშახელისგან მიიღოს საქართველოში, რადგან ისინი კონკურენციაში შემოდიან და ერთი მომენტია, რომ ხდება ფასის დაკლება. ისინი თანახმა არიან უფრო დაბალ ხელფასზე, ვიდრე ქართველები. ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში მზარდია და ჩვენთანაც ანალოგიურად ხდება“, - განმარტავს მიხეილ ჭელიძე „პალიტრანიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე