„ჩინეთიდან კონტეინერის ფასი გასამმაგებულია“ - როდის აისახება ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე

ჩინეთიდან კონტეინერის ფასი გასამმაგებულია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე ესაუბრა. მისი თქმით, გართულებული ტრანსპორტირების გამო, გემებს ტვირთების დანიშნულების ადგილამდე მიტანა აფრიკის შემოვლით უწევთ, რაც გაზრდილ დროსა და ხარჯებს იწვევს.

როდის აისახება გაძვირებული ტრანსპორტირება ადგილობრივ ფასებზე, როგორც გიორგი კაპანაძე ამბობს, ჩინეთიდან კონტეინერების ჩამოსვლის დროის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების გაძვირება წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებას უკავშირდება. მართალია, უსაფრთხოების მიზნით, იქ აშშ-ის სამხედრო ხომალდები განლაგებულნი არიან, მაგრამ კომპანიებს მაინც უწევთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ.

Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. როგორც დანიურ გადამზიდ კომპანიაში Maersk განმარტავენ, გასულ თვეში, ტრანზიტის შეფერხებისთვის მათ დამატებითი გადასახადი დააწესეს, რაც სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში, 700 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი იმ ტვირთებს ეხება, რომლებიც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიცურავენ.

„ჩვენ ნაკლები ტვირთი გვაქვს მაგ მიმართულებით, მაგრამ, რომ გაძვირდა, ვიცით. დაახლოებით, გასამმაგებულია კონტეინერის ფასები. წითელ ზღვაში, სუეცის არხთან დაკავშირებით რა პრობლემებიც არის, ამის გამო გაძვირდა და ვადები გაიზარდა. გემები სუეცის არხის გავლით აღარ მიდიან დანიშნულების ადგილამდე, აფრიკის შემოვლა უწევთ, შესაბამისად, კონტეინერის თვითღირებულება გაძვირდა. მოსალოდნელია, რომ ჯაჭვური რეაქცია ექნება და შემდეგ უკვე საქართველოში პროდუქციის ფასებზეც აისახება. როგორც იცით, ჩვენთან ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდის ჩინეთიდან, როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილზე გასაყიდი, ასე მასალები, რომლითაც შემდეგ მზადდება პროდუქცია.

გადაზიდვების ვადებით თუ ვიმსჯელებთ, ახალ წლამდე შეიქმნა ეს პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მონაცემებით, ფასი გასამმაგებულია, იმ ტვირთებს, რომლის ტრანსპონირებაც ახლა ჩინეთიდან ხდება, ჩამოსასვლელად დაახლოებით სჭირდება თვენახევარი, შესაბამისად, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩამოვა ფასნამატით პროდუქცია და შესაბამისად, აისახება ადგილობრივ ბაზარზე.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ევროპის ტვირთებისთვის ეს არის დამღუპველი, თითქმის, 3 კვირას იგებდნენ გემები, ხარჯებზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან რთული საკითხია, იმედია, მოგვარდება, მაგრამ როდის, ეს პოლიტიკური საკითხია და არავინ იცის“,- აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.

ნინი ქეთელაური