რა ღირს ქორწინება შენობაში, ღია სივრცესა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ქორწინების რეგისტრაცია, რომელიც ნებაყოფლობითი კავშირია და მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, შესაძლებელია განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალსა და იუსტიციის სახლში.

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა. ამასთან, ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან და ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანახმად, საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ჩატარდეს: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ფოთის, ხონის, წყალტუბოს, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, ქარელისა და გორის ფილიალებში.

გარდა ამისა, დასაქორწინებელ პირთა სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს შენობის გარეთ, ნებისმიერ დროსა და ადგილზე.

რაც შეეხება ქორწინების რეგისტრაციის ღირებულებას, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, 255 ლარამდეა.

კერძოდ:

  • ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე არის უფასო;
  • იუსტიციის სახლის ფილიალში ან ქორწინების სახლში ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება − 75 ლარი;
  • ქორწინების სახლში ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება (ნებისმიერ დღეს გარდა შაბათ-კვირისა) – 135 ლარი;
  • ქორწინების სახლში ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება შაბათ-კვირას – 225 ლარი;
  • შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება – 255 ლარი;
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება – 255 ლარი.

ნინი ქეთელაური