bitcoin-ი „გაფრინდა“?! - რა გახდა ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის სწრაფი გაძვირების მიზეზი

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ გაურკვეველმა პირმა მის Twitter-ის, იგივე X-ის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა და გამოაქვეყნა ყალბი პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ გაცვლით სავაჭრო ფონდზე, ETF-ზე „ბიტკოინის“ ვაჭრობა დამტკიცდა. ამ გადაწყვეტილებას მთელი კრიპტო ინდუსტრია მოუთმენლად ელოდა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ, SEC-მა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ დაუმტკიცებიათ ყველაზე მასშტაბური კრიპტოვალუტის, „ბიტკოინის“ სპოტ ETF-ები და მათი X-ის ანგარიში უცნობი მხარის მიერ, აღმოსავლეთის დროით, დაახლოებით საღამოს 4 საათის შემდეგ დაზარალდა. მათივე თქმით, „არაავტორიზებული წვდომა“ მალევე შეწყდა. კომისია სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აპირებს, რათა გამოავლინოს დამნაშავეები.

X-მა მალევე დაადასტურა, რომ SEC-ის ანგარიში გატეხილი იყო და ანგარიშზე შესვლა ტელეფონის ნომრისა და მესამე მხარის მეშვეობით მოხდა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანგარიში SECGov დაჰაკული იყო. ჩვენ დავასრულეთ წინასწარი გამოძიება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო ჩვენი სისტემის ბრალი. უცნობი პირი ანგარიშზე მიბმულ ტელეფონის ნომერს აკონტროლებდა. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანგარიშს არ ჰქონდა ჩართული ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ფუნქცია. ჩვენ ყველა მომხმარებელს მოვუწოდებთ, რომ ჩართონ უსაფრთხოების ეს დამატებითი ბერკეტი“ - ვკითხულობთ X-ის ოფიციალურ ანგარიშში.

სიახლის გავრცელების შემდეგ „ბიტკოინის“ ფასმა 48 000 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბიტკოინის ფასმა 2 000 დოლარით, სულ რამდენიმე წუთში მოიმატა, მაგრამ იგი მალევე დაუბრუნდა საწყის ნიშნულს და ამჟამად იგი 45 500-დოლარიან ნიშნულს ინარჩუნებს.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა კრიპტო ენთუზიასტები, ინვესტორები და ტრეიდერები იმაში, რომ ETF-ზე „ბიტკოინის“ დამტკიცება ძალიან კარგად იმოქმედებს და არსებობს იმის საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ კრიპტოვალუტა, დამტკიცების შემთხვევაში, ახალ რეკორდებს დაამყარებს.

ბაჩანა ტყემალაძე