ბაგებიდან ვაჟა-ფშაველასკენ გადაადგილების დრო შემცირდება - მერია სამანქანე გვირაბის გაჭრას აანონსებს

ბაგებიდან ვაჟა-ფშაველასკენ გადაადგილება რამდენიმე წუთში შეგეძლებათ - მერია სამანქანე გვირაბის გაჭრას აანონსებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

„ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი ზუსტად იანვრის ბოლოს, უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი. ეს არის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი.

ეს ხიდი როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება. ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე რამდენიმე წუთში იქნება გადაადგილება შესაძლებელი.

რაც შეეხება პროცედურებს, ეს პროექტი უკვე რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება მშენებლობაზე ტენდერი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, მაგრამ სამუშაოს დაწყების შემდეგ, დაახლოებით 6 თვეში დამთავრდება მშენებლობა“,- განაცხადა ბენდელიანმა.

თაია არდოტელი