მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
როგორც მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, ამ წესების დაცვა სავალდებულო 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გახდება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
- ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;
- საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
- ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
- ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
- გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
- სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
- არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
- ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
- ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
- პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
- კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
- გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.