რამდენია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თვმჯდომარეის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია, თავად გიორგი კეკელიძემ, თავის სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მას შეხვდა და უთხრა, რომ 11 წელი ბევრია და თანამდებობა უნდა დატოვოს. შეგახსენებთ, რომ გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, - წერს კეკელიძე "ფეისბუქზე".

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა დაფინანსებას პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან იღებს და ჯამურად იგი 86.6 მილიონი ლარია. ამ თანხიდან 12.8 მილიონი ლარით ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსდება. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით 837 ათასი ლარით მეტია და ბიბლიოთეკის სახელფასო ხარჯი, რომელიც 445 დასაქმებულზე ნაწილდება, 8.7 მილიონ ლარს შეადგენს. სახელფასო მატება გასულ წელთან შედარებით, 861 ათასი ლარია.

ბაჩანა ტყემალაძე