რომელ ობიექტებში ხვდება მცენარეული ცხიმისგან დამზადებული „რძის პროდუქტები“, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

პროდუქტებში მცენარეული ცხიმის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობა, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ე.წ ტრანსცხიმების გამოყენება გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს.

საქართველოში არის საწარმოები, რომელიც მცენარეულ ცხიმებს, იგივე რძის ფხვნილებს ლეგალურად და დასაშვები პროცენტული მაჩვენებლით იყენებენ, თუმცა როგორც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა „პალიტრანიუსისა" და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, არსებობს უკონტროლო ბაზარიც, საიდანაც შემდეგ მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტები, სხვადასხვა კვების ობიექტებში, მათ შორის, მაღალი კლასის რესტორნებში ხვდება.

„საწარმოები არის, რომელიც კარგად თუხთუხებს და კვამლი ამოდის, მზადდება ფხვნილი (რძის) და ნაჯერი ცხიმი. სტატისტიკაც რომ ამოიღოთ, მზარდია ფხვნილის იმპორტი საქართველოში. არის მსხვილი საწარმოები, რომლებიც ლეგალურად გამოიყენებენ ფხვნილს და მას არ არქმევენ რძის პროდუქტს, ის გამოიყენება, მაგალითად, იოგურტებში და ა.შ. ასევე, ყველს რომ ჰგავს, მაგრამ მას ყველს არ არქმევენ, სხვადასხვა სახელები აქვს, სახაჭაპურე და ა.შ. ამ შემთხვევაში, ლეგალურად რაც გამოიყენება, ამის ამოღება შეიძლება სტატისტიკიდან, ლეგალური საწარმოები რა რაოდენობის რძის ფხვნილს მოიხმარენ. მაგრამ იმის მიღმა რაც რჩება, ეს არის სწორედ ის უკონტროლო ბაზარი, საიდანაც შედის სწრაფი კვების ობიექტებში, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები შეიძლება ხშირად მივმართავდეთ, ასევე, საკმაოდ მაღალი კლასის რესტორნებში თუ სარესტორნე ქსელებში, ე.წ სახაჭაპურეებში და ა.შ.

ჩვენ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ჯანმრთელობისთვის უვნებელია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის მცენარეული ცხიმია იქ გამოყენებული. ჩვენ გვაქვს სტანდარტი, სადაც შემცველობაზე არის საუბარი, რა პროცენტი უნდა იყოს დაშვებული ყველში მცენარეული ცხიმის თანაფარდობა. სადაც ვსაუბრობთ, რომ არის საწარმოები, რომლებიც არალეგალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ იქ შესაძლოა, არ იყოს დაცული ეს სტანდარტები, რა რაოდენობის ტრანსცხიმია გამოყენებული არ ვიცით. ტრანსცხიმის გამოყენება კი იწვევს ძალიან დიდ და მძიმე დაავადებებს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს.

ერთადერთი, რაც ჩვენ მომხმარებელს შეგვიძლია, რომ ვუთხრათ, აუცილებლად იყიდონ ეტიკეტირებული პროდუქტი, რომელსაც აწერია - ყველი. მიუხედავად წლების განმავალობაში ბევრი საუბრისა, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მრგვალი და თეთრი რომ არის, შეიძლება ყველი არ იყოს. მარკეტინგულად შეფუთული, რაც არ უნდა ლამაზად ეწეროს, მხოლოდ სიტყვა ყველი უნდა ეწეროს აუცილებლად“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

ნინი ქეთელაური