„რამდენიმე სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე“ -  „შეცდომაში შეყვანა ხდება როგორც მომხმარებლის, ისე სახელმწიფოსი“

„აქ რამდენიმე სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ყველაზე მსუბუქი არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, კერძოდ, შემოდის გაყინული მზა პროდუქტი, რომელშიც ცხიმის შემცველობა, ყველაფერი არის დაცული და როდესაც შესაბამისად დაამუშავებ, მიიღებ ზუსტად ისეთ პროდუქტს, რომელიც სტანდარტებში ჯდება“,- ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა „პალიტრანიუსისა" და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია, როდესაც "რძის" პროდუქტში მცენარეული ცხიმები სცილდება დაშვებულ სტანდარტებს, მაგრამ მისი რეალიზაცია გარე ვაჭრობაში უკონტროლოდ ხდება.

„აქ რამდენიმე სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ყველაზე მსუბუქი არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, კერძოდ, შემოდის გაყინული მზა პროდუქტი, რომელშიც ცხიმის შემცველობა, ყველაფერი არის დაცული და როდესაც შესაბამისად დაამუშავებ, მიიღებ ზუსტად ისეთ პროდუქტს, რომელიც სტანდარტებში ჯდება. საბოლოო ჯამში, ეს არის რძის პროდუქტი, არ არის ადგილობრივი წარმოება, არის იმპორტირებული, მაგრამ როდესაც ის გალღვება და შესაბამისად დამუშავდება წესებით, ზუსტად ისეთ პროდუქტს იღებ, თუნდაც ყველს, რომელიც ჯდება სტანდარტებში. ლაბორატორიულადაც კი ვერ იპოვი დარღვევას, იმიტომ, რომ მასში ამოწმებენ მცენარეულ ცხიმს, შესაბამისად, მასში თუ არის ცხოველური ცხიმი, რა რაოდენობითაც საჭიროა პროდუქტისთვის, აქ ვერ პოულობთ დარღვევას. ამით შეცდომაში შეყვანა ხდება როგორც მომხმარებლის, ისე სახელმწიფოსი და ფერმერებთანაც არაჯანსაღ კონკურენციაში მოდის ეს. იმიტომ, რომ ის თავისთავად, ძალიან იაფია.

მეორე დარღვევა არის, დადგა ასეთი ფაქტიც, როდესაც ნედლ რძეშიც არ არის დაცული ცხიმიანობის და ა.შ. პარამეტრები, რომელიც უნდა იყოს. თუმცა, გაცილებით უფრო დიდი დარღვევაა ის, რომ ფხვნილისგან ამზადებენ, მაგრამ ისე, რომ აქაც შესაძლებელია დაუმატო ცხოველური ცხიმი და სახელმწიფო ვერ პოულობს.

მესამე უფრო მძიმე დანაშაულია, როდესაც ფხვნილისგან იღებენ პროდუქტს, ჩვენს ლაბორატორიას ხელ არ ეწიფება ეს გამოავლინოს, და პირდაპირ ვიტყვით, რომ არის კრიმინალი, როდესაც ცხოველური ცხიმის მაგივრად მცენარეულ ცხიმს იყენებენ, ეს არის ნებისმიერი ნაჯერი ცხიმი და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანო, გარკვეულ პროცენტს თუ სცილდება მისი შემცველობა. ასეთი პროდუქტები ღია, ქსელურ მარკეტებშიც მოტყუებით შედის და უკვე დარღვევის ფაქტებიც გამოვლინდა, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაა არალეგალურ სიტუაციებში. პირდაპირ გეტყვით, გარე ვაჭრობებში, რომელსაც ვერ აკონტროლებს შემოსავლების სამსახური, ვერ აკონტროლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იგივე, სურსათის სააგენტო, ეს ევალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მაგრამ, სამწუხაროდ, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა და ამის მკვეთრი აღკვეთა არ ხდება“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

ნინი ქეთელაური