ბესიკ ბუგიანიშვილი - საქართველოს განვითარების ფონდს საერთაშორისო განვითარების ბანკებთან და ფონდებთანაც მუშაობა დაწყებული აქვს

საქართველოს განვითარების ფონდს საერთაშორისო განვითარების ბანკებთან და ფონდებთანაც მუშაობა დაწყებული აქვს,- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ფინანსური სახსრების მოპოვება ერთ-ერთია დაფინანსების წყაროებს შორის, რომლითაც განვითარების ფონდი ახალი საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებას გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი საფინანსო ორგანიზაცია, რომლის წევრობის იმედიც აქვს საქართველოს განვითარების ფონდს „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციაა“.

„რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ფონდს აქვს თავისი საინვესტიციო საქმიანობა და აქედან მიღებული შემოსავლები. ფონდის მფლობელობაში მყოფი კომპანიების დივიდენდები და ცხადია, რომ საერთაშორისო განვითარების ბანკებთან და ფონდებთანაც მუშაობა დაწყებულია, მათგანაც ველოდებით როგორც სესხებს, ასევე შესალოა იყოს გრანტები. გარკვეულწილად საერთაშორისო კომერციულ ინსტიტუტებსაც ვესაუბრებით კაპიტალის მოზიდვის კუთხით.

იცით, რომ გვყავს დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრია ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იყო ევროპის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ის აქტიურად გვეხმარება კონტაქტების მიმართულებით. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ურთიერთობა „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციასთან“, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპაში არსებულ განვითარებაზე ორიენტირებულ ყველა ფინანსურ ბანკს თუ ფონდს. ჩვენთვის ეს არის, ალბათ, ყველაზე საინტერესო სეგმენტი. მიგვაჩნია, რომ მათთან ურთიერთობა იქნება ძალიან შედეგის მომტანი ფონდისთვის. გარდა იმისა, რომ კაპიტალის მოზიდვის კუთხით საინტერესოა, არის უდიდესი გამოცდილება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ინსტიტუტებში, რომლის გაზიარებაც მათ შეუძლიათ და ეს ჩვენთვის იქნება საკმაოდ საინტერესო. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განაცხადის მომზადებაზე, განაცხადს უახლოეს მომავალში შევიტანთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ორგანიზაციის წევრი გავხდებით. აქვე გეტყვით, რომ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, საქართველოს რომ არ ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დიდ და საინტერესო შესაძლებლობებს გვიქმნის“,- განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, ახალი საინვესტიციო სტრატეგიის თანახმად, განვითარების ფონდს კონკრეტულ პროექტში დარჩენა 5-7 წლის განმავლობაში შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული დაფინანსების ინსტრუმენტი. ეს შეიძლება იყოს კაპიტალში მონაწილეობა, მეზანინი, ეს შეიძლება იყოს სუბორდინირებული სესხი, სინდიკაციური სესხი, უპირატესი სესხი და ასევე, გარანტია. 6 ძირითადი ინსტრუმენტი გვაქვს. ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი სპეციფიკა და შესაბამისად, გამოსვლის სტრატეგიებიც ამ ინსტრუმენტებიდან გამომდინარეობს, თუმცა სამართლებრივი კუთხით ჩვენი პროექტში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5-7 წლით ანუ 7 წლის განმავლობაში ჩვენ ამ პროექტიდან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.