„რუსმა „ტურისტებმა“ შექმნეს საკუთარი ე.წ. „კომუნები“ და თავის სტუმრებს თვითონვე ხვდებიან - სასტუმროების მოგების მარჟა 70%-ით არის შემცირებული“

„2016-2017 წლები იყო სამიზნე მაჩვენებელი და სულ ვამბობთ, რომ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. ეს იყო პიკი, როცა თბილისი 90%-იანი წლიური დატვირთვით მუშაობდა. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა აიღო დიდი ოდენობის სესხი, გაკეთდა უამრავი სასტუმრო, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიამდე ან პანდემიის პერიოდში დაიხურა. 2023 წელს დატვირთულობის მაჩვენებელი 65%-მდე ავიდა და ეს ამ გადმოსახედიდან უკვე არც ისე ცუდია“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„რეალურად სურათი ასეთია: უკრაინასთან ერთად ჩვენც საშიშ რეგიონად მოვიაზრებით, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილია, ისრაელში ომია, რუსეთიდან ტურისტები, რომლებიც სასტუმროებში რჩებიან, თითქმის ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, უკრაინიდან კი ტურისტები საერთოდ არ გვყავს - ამ სიტუაციაში, როგორ ინახავენ სასტუმროები თავს და როგორ არსებობენ, საერთოდ, გასაკვირია“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, შეიცვალა ტენდენციები: თუ ადრე 5-7 თვით ადრე იგეგმებოდა, რა იქნებოდა სეზონზე, ახლა 2 კვირის განმავლობაში იღებენ ჯავშნებს და ავსებენ სასტუმროებს. „სასტუმროების მოგების მარჟა თითქმის 70%-ით არის შემცირებული 2016-2017 წლებთან შედარებით. ეს არ ნიშნავს, რომ დაიქცა სექტორი, თუმცა გათვლები რაზეც იყო და სესხები რა მოლოდინებითაც აიღეს, ეს ციფრები სრულიად შეუსაბამოა.

იჩაგრება სასტუმრო, სადაც ტურისტები აღარ შედიან და კონკურენციის გამო ფასების დაწევით ხდება ერთი სასტუმროს მიერ მეორისთვის ტურისტის „წართმევა“. ზამთრის პერიოდში, როდესაც სეზონი ისედაც არაა, სასტუმროები თავისი თავის შენახვაზე არიან ორიენტირებულნი იმისთვის, რომ მარტის მერე, სეზონისთვის მოგებაზე გავიდნენ“, - აცხადებს ასოციაციის დამფუძნებელი.

„კარგი რაც მოხდა ის არის, რომ ძალიან გაიზარდა ქართველი მომხმარებლების წილი. შიდა ტურიზმი 4-ჯერ გაიზარდა, ეს პანდემიის დამსახურებაცაა - ქართველებმა დაიწყეს საქართველოს აღმოჩენა. სწორედ ამის დამსახურებით ბევრი რეგიონული სასტუმრო საკმაოდ კარგად მუშაობს.

2023 წელი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა სარესტორნე ბიზნესისთვისაც, რომელმაც კარგი შემოსავლები მიიღო და ამ მხრივ დიდი წინსვლაა. მაგალითად, რუსი „ტურისტები“, რომლებმაც შექმნეს საკუთარი ე.წ. „კომუნები“ და თავის სტუმრებს თვითონვე ხვდებიან და ბინებში ათავსებენ, რესტორნებში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, სეზონზე ისრაელელ დამსვენებლებსაც ელოდებიან, რომლებიც წელს თურქეთში ვიზიტისგან თავს შეიკავებენ. „თუმცა, კონკრეტული ჯავშნები, როგორც ადრე იყო, ოქტომბერში 30%-ს რომ იხდიდნენ და გარანტირებული გვქონდა, მინიმუმამდეა დასული“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი