ვის ეკუთვნის „ბაზის ბანკი“, რომელიც 32 800 ლარით დაჯარიმდა

სებ-მა „ბაზის ბანკი“ 32 800 ლარით დააჯარიმა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბანკმა ორის შემთხვევაში არასწორად წარადგინა.

საუბარია, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენაზე.

მეორე შემთხვევაში კი, სებ-ის ინფორმაციით, ბანკმა "კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე", საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომერციული ბანკი ბაზარზე ოფიციალურად 2010 წლიდან არის რეგისტრირებული. რეპორტალის მონაცემებით, 2022 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co Ltd. ბანკის საბოლოო მაკონტროლებელი პირია მი ენხვა, რომელიც აქციების 92.305%-ს ფლობს. 6.969% ეკუთვნი მი ზაიქის, 0.726%-ს კი სხვა მფლობელები ჰყავს.

ნინი ქეთელაური