რა ღირს ინტერნეტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, OECD-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღლია, ხოლო მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, „ბიზნესპრენიუსმა“ დაადგინა, თუ რა ღირს საშუალოდ საქართველოსა და ზოგადად, ჩვენს რეგიონში ინტერნეტი.

ვებსაიტი Numbeo-ს მიხედვით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ანახლებს მონაცემებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების შესახებ, საქართველოში, 60 მბ/წმ ინტერნეტის ფასი 48.77 ლარია.

  • სომხეთში - 60 მბ/წმ - 54.00 ლარი;
  • აზერბაიჯანში - 60 მბ/წმ - 40.88 ლარი;
  • თურქეთში - 60 მბ/წმ - 26.03 ლარი;
  • რუსეთში - 60 მბ/წმ - 16.67 ლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე იაფი ინტერნეტი რუსეთშია, რომლის შემდეგაც თურქეთი და აზერბაიჯანი მოდიან. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტი ყველაზე ძვირი ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან სომხეთში ღირს.

ევროპის ქვეყნებში ინტერნეტი ყველაზე ძვირი ნორვეგიაში ღირს, სადაც 60 მბ/წმ-ის ფასი 68.71 ევროს შეადგენს. ეს ამჟამინდელი კურსით, 201.29 ლარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საშუალო თვიური შემოსავალი ნორვეგიაში 2023 წლის მონაცემებით, 13 535 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყანაში, 60 მბ/წმ-ის ფასი 72.11 დოლარია, რაც 193.07 ლარს შეადგენს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტი, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირია.

ბაჩანა ტყემალაძე