შესუსტდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს - საერთაშორისო ანალიტიკოსების პროგნოზი

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოკითხული ეკონომისტები ფიქრობემ, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2024 წელს შენელდება. ასე ეკონომისტთა 56% თვლის, ხოლო დანარჩენი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტემპი შენარჩუნდება, ან პირიქით, დაჩქარდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 2.9 %-ით გაიზრდება 2024 წელს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 3% იყო.

ეკონომისტები ყველაზე პესიმისტურად ევროპის მიმართ არიან განწყობილნი. გამოკითხულთა სამი მეოთხედი, 77% მიიჩნევს, რომ რეგიონში ეკონომიკური ზრდა სუსტი, ან ძალიან სუსტი იქნება. ამის პარალელურად, გამოკითხულთა 93% სამხრეთ აზიაში ძლიერ, ან ზომიერ ზრდას ელის, ხოლო აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკურ წინსვლაზე საუბრობს 86%.

კვლევის მონაწილეების 56%-ის აზრით, აშშ-ის მშპ-ის მაჩვენებელი 2024 წელს გაიზრდება. ევროპის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ ინფლაცია გაიზრდება და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს.

„გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთხელ შემოწმდება 2024 წელს. გლობალური ინფლაცია სუსტდება, მაგრამ ეკონომიკური ზრდა იკლებს. ფინანსური პირობები მკაცრი რჩება, დაძაბულობა უარესდება და უთანასწორობა იზრდება, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო ერთიანობის აუცილებლობას. თანამშრომლობა საჭიროა, რათა შეიქმნას პირობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“, - თქვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელმა და დირექტორმა, საადია ზაჰიდიმ.

ბაჩანა ტყემალაძე